Tour Blog

216935616

ქართული კულტურა და ტრადიციები

“ტრადიცია მხოლოდ იმას როდი ნიშნავს, რომ ერთი თაობა ბრმად და ერთგულად ბაძავდეს წინა თაობას. ტრადიცია, უპირველესყოვლისა, გულისხმობს ისტორიის შეგრძნებას, როცა წარსული არა მარტო წარსულად უნდა აღვიქვათ, არამედ თანამედროვეობადაც…”- უცნობი ავტორი 

საქართველო უდიდესი ისტორიისა და კულტურის მატარებელი სახელმწიფოა და თუ განვავრცობთ ზემოთ მოყვანილ ფრაზას, სწორედ ის ქვეყანა სადაც ბოლომდე შეგიძლია შეიგრძნო მისი ისტორიის ხანგრძლივობა და მნიშვნელობა. ის უძველესი და უმდიდრესი  ქვეყანაა, მრავალათასწლიანი ისტორიით, ტრადიციებითა და კულტურით, რაც ალბათ დამეთანხმებით რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს მას,  რათა ეზიაროს მის კულტურას და გაიგოს ახალი იმ ქვეყნის შესახებ, რომელიც მიუხედავად უდიდესი ისტორიული განსაცდელისა ათასწლეულების განმავლობაში, ის მაინც ინარჩუნებდა მის სისადავეს და მნიშვნელობას.

ქართული ხალხური მუსიკა და ცეკვა

ქართული ხალხური ცეკვა და მუსიკა, ეს ის უდიდესი სიმდიდრეა, რაც საქართველოს გამოარჩევს სხვა ქვეყნებისაგან თავისი ორიგინალურობით და კულტურით . მისი არსი ათასწლეულების სიღრმიდან მომდნარეობს. როდესაც განიხილავენ ქართული ცეკვის განსაკუთრებულობას და მის მნიშვნელობას, გამოყოფენ არტისტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს კომპონენტს – მამაკაცის პლასტიკასა და მიმიკას. ეს არის ცეკვა, რომელიც მთლიანად წარმოაჩენს ნამდვილ ქართულ ხასიათს და სულს. ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედად მიიჩნევენ სამონადირეო ცეკვას,  ნაყოფიერების ღმერთის, „შუშპა“-ს პატივსაცემად შესრულებული ფერხულს. ქართული ცეკვები ეს ის უდიდესი სიმდიდრეა რომელიც წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა და დღეს რითიც ჩვენს ქვეყანას მთელი მსოფლიო იცნობს.  რაც შეეხება მუსიკას, რუსი მუსიკათმცოდნე ვ. ბელიაევი  მას ასე განმარტავს – “საქართველოს ხალხური მუსიკალური ხელოვნების ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ორგინალური, ნატიფად დამუშავებული გუნდური მრავალხმიანობის არსებობა, რომელიც ასევე გამოყენებულია საეკლესიო მუსიკაში.” ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან პოლიფონიურობაანუ მრავალხმიანობა ახასიათებდათ.  ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, რომელთა რაოდენობა 15-მდე მერყეობს.

ქართული სტუმართმოყვარეობა და  სუფრის ტრადიციები

საქართველოს მსოფლიო იცნობს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანას. ჩვენთან ძალიან აქტუალურია ქართული სუფრა და ღვინის ტრადიციები.  აქ წარმოდგენილია ისეთი კერძები, რომლებსაც მხოლოდ ქართველები თუ ამზადებენ. მაგალითისათვის ხინკალი, აჭარული ხაჭაპური ან ჩურჩხელა, ეს ქართული სუფრის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. სუფრის სტრუქტურა გემრიელი საჭმლის, ღვინის, სადღეგრძელოებისა და ცეკვა/მუსიკის ჰარმონიული ნაზავია. ქართველები მკვეთრად გამოირჩევიან სადღეგრძელოების კულტურითაც. ამასთან დაკავშირებით არსებობს ერთგვარი გამოთქმაც – “ქართული სუფრა- ერთგვარი აკადემიაა…” რაც შეეხება ღვინოს, საქართველოში ძალიან ფართოდაა განვითარებული მეღვინეობის კულტურა.  ,,არსად ისე ბლომად და ისეთ სურნელოვან ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში…”  წერდა მე-17 საუკუნეში ფრანგი მოგზაური შარდენი საქართველოს შესახებ.

ქართული ტრადიციული სამოსი

ქართული ტრადიციული სამოსი, ეს ის ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც ცხოვრების წესის, ისტორიის, ადგილმდებარეობის და ბიოგეოგრაფიული სტრუქტურის საფუძლევზე იქმნებოდა  წლების განმავლობაში. ის წარმოადგენს ქართული სულის და ხასიათის გამოვლენის კიდევ ერთ სპეციფიკურ თავისებურებას.  ქართული ჩოხა – ეს ის ეროვნული ტანისამოსია, რომელიც ქართული სამოსელის ერთ-ერთი ძირითადი და მკაფიო მახასიათებელია.

ქართული ტრადიციები და კულტურა იმდენად ფართო და მრავალფეროვანია, შეუძლებელია მისი ერთ სტატიაში ბოლომდე ამოწურვა. შესაბამისად უფრო დეტალურად ამას შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ.

და ბოლოს, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დაზუსტებით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მე მეამაყება რომ ქართველი ვარ!